ორშაბათი, აგვისტო 31, 2026
Home საზოგადოება პაპუაშვილი – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნა მამუკა მდინარაძის წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული – ვინაიდან მან პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა

პაპუაშვილი – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნა მამუკა მდინარაძის წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული – ვინაიდან მან პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა

by admin

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ შეცვალა მთავრობამ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის გადაწყვეტილება.

როგორც მან აღნიშნა, „ამ პოზიციის შექმნა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებით, პოლიტიკური წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული”.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარაა”.„მაშინვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომელიც მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო, რა თქმა უნდა, მისი მათ შორის, პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია დღეს არის კარგად აწყობილი. სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარაა. სწორედ მამუკა მდინარაძის პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა. მთავრობა არის პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აქვთ გარკვეული საქმიანობის განხორციელების რესურსი. იმისთვის, რომ სხვადასხვა სამინისტროსა თუ სტრუქტურის კოორდინაცია აწარმოო, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამოცდილება, რესურსი სჭირდება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ამ მხრივ განსაკუთრებული ჰქონდა. მისი საქმიანობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, თავისთავად სწორედ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებით, პოლიტიკური წონიდან, ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა, ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა, ეს გადაწყვეტილებაა შეიცვალა. ტექნიკურად მთავრობა გაიწვევს [ამ პროექტს]. როგორც ვიცი, არსებული პროექტი გაიწვია.

რაც შეეხება ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ინფრასტრუქტურის მინისტრი არის და ამ მხრივ, მგონი, რეზი სოხაძე კარგად ართმევს თავს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია- შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს”. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მდინარაძის გადაწყვეტილება პირადად მისთვის სამწუხაროა, თუმცა პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას.

„მან თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც მიღო გადაწყვეტილება. მან თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რომელიც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია, გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა. ჟურნალისტებს შესაძლებლობა გქონდათ, პირადად მიგეღოთ მისგან გადაწყვეტილების ახსნა. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ასე უნდა მივიღოთ – ადამიანებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „რატომ მაინცდამაინც ახლა?“ პაპუაშვილი პასუხობს, რომ „შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს“.„არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიღება მაშინ, როცა მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია. გარედან ამას ვერავინ შეაფასებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay