ჩვენი სურვილი არის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც საქართველომ, თავის დროზე, შესაძლოა, უფრო მეტი გააკეთა თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ვიდრე აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, ეს სტრატეგიული ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ეს სურვილი გამოვთქვით. ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან იმეგობროს და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადააზრება სულ უფრო მეტად ხდება.
„ტერმინი „დალაგება“, ვფიქრობ, არასწორია, თუკი ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ ქვეყანას და სუვერენიტეტს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ქართველი ხალხის ნებას ვასრულებთ და ბოლო არჩევნებით ეს არის საქართველოს 1 120 000 მოქალაქე, რომელმაც ჩვენ მოგვცა მანდატი, რომ ქვეყანა ვმართოთ ისე, როგორც ვმართავთ, ავიყვანოთ იმ მიზნებისკენ, რა მიზნებისკენაც მიგვყავს. ამის მანდატი გვაქვს ჩვენ 1 120 000 ქართველისგან. ეს მანდატი გულისხმობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვა არის მიუღებელი, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენ შიდა საქმეებში და არჩევნებში, ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ. აშშ-ს წინა ადმინისტრაციას სწყინდა, რომ აქ არ აირჩეოდა ხელისუფლებაში ის ხალხი, რომლებიც მის ნების პირდაპირი შემსრულებლები იყვნენ. ასე სწყინთ ევროპაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მათი მარიონეტები არ არიან საქართველოს ხელისუფლებაში. ამის მანდატი გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ წყენას, ვინ, როგორ გაუმკლავდება მეორე მხარეს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ, იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცამ კარგი თვალით შემოგვხედოს.
ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა, ვინც შეეცდება ხელები აფათუროს ჩვენი მოქალაქეების არჩევანში, ყველას მიმართ იქნება ასეთი დამოკიდებულება.
ჩვენ, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, არის ის, რომ ვფიქრობ, გადააზრება არის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი დამოკიდებულების. ზოგს შეიძლება ჰქონდა იმედი იმის, რომ შეძლებდა ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედებას, მაგრამ ქართველი ხალხის პასუხი ძალიან მკაფიო არის. ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადააზრება სულ უფრო მეტად ხდება. პოლიტიკა, რომლითაც ცდილობდნენ, რომ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება მოეხდინათ, არ მოქმედებს, ამიტომ უნდა მიიღონ ქართველი ხალხის ნება ისეთი, როგორიც არის. ეს არის გაეროს წესდების მთავარი პრინციპი – სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის და სუვერენიტეტის პატივისცემისა. ვხედავთ, რომ აქეთკენ მიდის ზოგიერთი, სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-თანაც გვაქვს პოზიტიური დინამიკა“, – აცხადებს პაპუაშვილი.
მისი თქმით, პოზიტიურ დინამიკაში გულისხმობს იმას, რომ არსებობს კონტაქტები ადმინისტრაციებს შორის, ასევე, დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელთან ნაყოფიერი შეხვედრები იყო. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამ იმედით უყურებენ სამომავლო ურთიერთობებს.
„მიუხედავად იმ მავნე გადაწყვეტილებებისა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ მიიღო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა, შეეცადა არჩევნებში ჩარევას და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და წინ გავიხედოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით კეთილსინდისიერი პარტნიორი აშშ-სი და ზოგადად ყველა იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენ ქვეყანას პატივს სცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა