საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანული ჰაიდენჰაიმის წევრი გახდა. ბუნდესლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზივზივაძესთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა.
“ზივზივაძეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვაკვირდებით. ის გასულ სეზონში კარლსრუეში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ამ სეზონის პირველ ნახევარში კი კიდევ უფრო მოუმატა და მე-2 ბუნდესლიგის 17 ტურში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი საგოლე ალღო აქვს, ამიტომ მოუთმენლად ველით მისი ჩვენი გუნდის მაისურით გამოჩენას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უკვე უახლოესი თამაშიდან დაგვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ზივზივაძემ სწორედ ჩვენი კლუბი აირჩია”, – განაცხადა ჰაიდენჰაიმის გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
ბუნდესლიგის კლუბის ვებ-გვერდი წერს, რომ ქართველი შემტევი პირველ ვარჯიშს უკვე დღეს ჩაატარებს. იქვე ვრცელდება ბუდუ ზივზივაძის კომენტარიც:
“ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობამ ამ ტრანსფერისთვის დიდი სამუშაო გასწია. მოუთმენლად ველი, როდის მომეცემა საშუალება, რომ ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩავატარო. მინდა, რომ კლუბს უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დავეხმარო”.
ცნობისთვის, ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგის 15 ტურში 10 ქულა აქვს აღებული და მე-16 ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ განლაგებით ელიტაში დასარჩენად პლეი-ოფში თამაში მოუწევს, თუმცა, წინ მთელი მე-2 წრეა, მომდევნო თამაში კი 11 იანვარს უნიონთანაა დაგეგმილი