აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალიევის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის პარაფირებას.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი, მესამე ქვეყნებიდან წარმოშობილი მარცვლეულისა და სხვა საქონლის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანზიტი, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მშვიდობის დივიდენდების მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოვლინებებია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერებმა განიხილეს „ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგის, პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელებასთან დაკავშირებული შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ხაზი გაუსვეს TRIPP-ის ფარგლებში დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას“.
„პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, პირდაპირი ორმხრივი ჩართულობით, გააგრძელონ ნაბიჯები მდგრადი მშვიდობის შემდგომი განმტკიცების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისა და კავშირის გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა