მერაბ კოსტავა – საქართველოს ეროვნული გმირი, პოლიტიკური ლიდერი, დისიდენტი , საზოგადო მოღვაწე, უფლებადამცველი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი.
მერაბ კოსტავა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში. 1956 წელს რვა თანატოლთან ერთად შექმნა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, ხოლო 1974 წელს გახდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრ და აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლაში. 1987 წელს გახდა პირველი არაფორმალური გაერთიანების – „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი, მოგვიანებით მისი ინიციატივით შეიქმნა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად მერაბ კოსტავა გახდა.
ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის მერაბ კოსტავა არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს ის პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს – ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის მას 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი – გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანბით კი ციმბირში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში. 1985 წელს გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა. 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ის კვლავ დააპატიმრეს. ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას მერაბ კოსტავამ ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.
პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, მერაბ კოსტავა ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1953 წელს სწავლა დაიწყო ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1958 წელს ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო, ხოლო მოგვიანებით – მუსიკის თეორიის სპეციალობაზე. 1964 – 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანიჩვაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად, საიდანაც 1978 წელს გაანთავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადწყვეტილების საფუძველზე. გადასახლებაში ყოფნისას 1980 – 1981 წლებში მუშაობდა სოფელ კვიტოკში მუსიკალური სკოლის პედაგოგად. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორად, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გარდაცვალებამდე მე-8 სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე; 1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის“ კომისიამ მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს – სინდისის პატიმრად აღიარა.
მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია, არის საფუძვლიანი ეჭვი რომ ავტოავარია საბჭოთა სისტემის მიერ იყო წინასწარ დაგეგმილი. მერაბ კოსტავა, დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.