ევროკავშირი ურყევად და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ მუდმივ მავნე საქმიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
“ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით რუსეთის, მათ შორის მისი სამხედრო დაზვერვის სამსახურის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) მიერ განხორციელებულ მავნე ქცევის სისტემატურ ნიმუშს. რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებდა ჰიბრიდულ კამპანიებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ხოლო მავნე აქტივობები კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ და დიდი ალბათობით, გაგრძელდება უახლოეს მომავალში. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს კიბერსივრცეში სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის ჩარჩოს აშკარა უგულებელყოფას. ევროკავშირმა უკვე მიიღო შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი დანაყოფის და გრუ-სთან დაკავშირებული მრავალი პირის წინააღმდეგ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი მავნე ქცევა ვერ შეარყევს უკრაინისადმი ჩვენს მტკიცე და მუდმივ მხარდაჭერას. ევროკავშირს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოავლინოს და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ და, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მხარი დაუჭიროს მის უშუალო სამეზობლოს, განსაკუთრებით უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. გავაგრძელებთ ჩვენი მდგრადობის გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეთანხმებული პრინციპების სრული პატივისცემით და სრულად გამოვიყენებთ ყველა არსებულ საშუალებას რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის პრევენციის, შეკავებისა და მათზე ეფექტური რეაგირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში