ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home საზოგადოება ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა, საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს – ლევან იოსელიანი

ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა, საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს – ლევან იოსელიანი

by admin

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაეცნო საპატიმროში ირაკლი ღარიბაშვილის პირობებს და ესაუბრა იმ საკითხებზე, რაც ეხება ჯანმრთელობას, კვებას და პაემანს.

ლევან იოსელიანის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ლევან იოსელიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციასაც ესაუბრა და პაემნის ჩანიშვნასთან დაკავშირებით მათი პოზიციაც მოისმინა.

„ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე საცხოვრებელ საკანში. გავეცანი მის საცხოვრებელ პირობებს. ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია.რაც შეეხება პაემანთან დაკავშირებულ საკითხს, ბატონი ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. ეს პაემანი წარმოადგენს ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას, დისკრეციას. ბატონი ირაკლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დაპირებას და შემდგომ შეიცვალა.

ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც. მოვისმინე მათი პოზიცია. მათ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნეგატიური, ან უარყოფითი არ აქვთ პატიმრის მიმართ. მათი განწყობა არის, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რაც არსებობს ბატონი ირაკლის მიმართ და ზოგადად, პატიმრების მიმართ არსებობს წამახალისებელი პოლიტიკა, გაგრძელდეს მათი მხრიდან.

რაც შეეხება, იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა. შესაბამისად, მათი განცხადებით, ამიტომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა. ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ ჩვენ საუბარი არ გვქონია. არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თუ ვრცელდება, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როდესაც მომართავენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვაზე, რაც ეხება დანაშაულს, რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა უწყებამ. როდესაც ვრცელდება ინფორმაცია საპატიმროში არსებული რაიმე პრობლემის შესახებ, ჩვენ ავტომატურად ვიწყებთ საქმის შესწავლას, ბუნებრივია, ეს საკითხები, რაც ჩამოთვალეთ, თუ ეხებოდა საპატიმროში მომხდარ დანაშაულს, ან სავარაუდო დანაშაულს. რაც შეეხება მის საპატიმროში ყოფნის პირობებს, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს რომ ჰქონოდა ადგილი, დამერწმუნეთ, რომ გამოვიდოდი, ამას პირველი მე ვიტყოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay