ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home საზოგადოება რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს – კალაძე

რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს – კალაძე

by admin

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და ახალი პროექტით ადგილზე გათვალისწინებულია ახალი სასტუმროს მშენებლობა:

“მინდა გამოვეხმაურო ყოფილი კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. სოციალურ ქსელებს ყველა უყურებთ და ალბათ, ბევრს შეხვედრია გადაღებული ვიდეოები და იქვე გაკეთებული კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თავად ვიდეოს იღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე იყო და თურმე, როგორ შეიძლება აღნიშნული შენობის დემონტაჟი, რეაბილიტაცია-განახლება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობას არანაირი კულტურულიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. რაც შეეხება პროექტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ იქ არ შენდება არანაირი საცხოვრებელი სახლი. პროექტით გათვალისწინებულია ახალი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის, მაღალი დონის იქნება. ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი შენობა იქნება, რომელიც პროექტის სახით განხორციელდება. რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი რაც იყო, ფასადი იმავენაირად იქნება, რაც ვფიქრობ, სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მიშენებას, სადაც სასტუმროს ნომრები უნდა განთავსდეს, ეს გაკეთდება ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან. საერთო ჯამში, ძალიან ლამაზი პროექტი იქნება. ისეთი, როგორიც რუსთაველის გამზირს ძალიან მოუხდება და იმ განაშენიანებაში სრულად ჩაჯდება, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ასე რომ, არ დაუჯეროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დემონტაჟი განხორციელდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული შენობა-ნაგებობა მძიმედ ავარიული იყო, რომელსაც მესამე, მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, თუმცა ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay