ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026
Home საზოგადოება არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის – შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის – შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

by admin

ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, ვინც იყენებს ამ მეთოდებს და უკვე წლებია, შეჩვეული ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის, თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია, გამოყენება, რათა პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. ამ შემთხვევას რაც შეეხება და ადამიანს, რომელმაც, თუ არ ვცდები, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც არის ეს ისტორია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგიერთმა ადამიანმა, ვგულისხმობ ჟურნალისტს, ვინც გამომსარჩლებლად არიან ქცეული იმ ადამიანის, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა საკუთარი სიცოცხლე, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი. ხდება კიდევ სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება.

„ვისურვებდი, სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს პროკურატურას, გამოძიებას, თუ არსებობს არგუმენტირებული პასუხები, გაეცეს სამართლებრივი პასუხები. სხვადასხვა დროს გვინახავს პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, ამ ბრალს სჭირდება პასუხი. სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები, ვფიქრობ, რომ ზედმეტია.

არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი. ჩვენ შეგუებული ვართ, როდესაც ხდება ყურადღების გადატანის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციებით. სამართლებრივ კითხვებს სჭირდება სამართლებრივი და არა პოლიტიკური პასუხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ბურუსით მოცული გარემოება.

„საბედნიეროდ, ეს მცდელობა იყო წარუმატებელი, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი, რომ არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით იყოს მოცული ან გაუგებარი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ განცხადებებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს, აჩვენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არასწორი გზა აირჩია“.

„ახლა ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. მათ არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების უნარი არ აქვთ. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, იმიტომ რომ თვითონ ვერაფერ კარგს ვერ აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმეს გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში „ჩაეწილონ“. დღეს ოპოზიციის მთელი აქტივობა და დღის წესრიგი ისაა, რომ შეჰყურებენ სხვას – „ჩაეწილონ“ კარგში და ცუდი უფრო მეტად გაამძაფრონ,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay