გვსურს, გავიგოთ რა დგას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების უკან, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის 50-დღიან ვადას ითვალისწინებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“გვსურს, გავიგოთ რა დგას ამ განცხადების უკან. 50 დღე. ადრე 24 საათი იყო, იყო 100 დღეც. ყველამ გამოვიარეთ ეს და ნამდვილად გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებს აშშ-ის პრეზიდენტს. ცხადია, რომ ის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, უღირსი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და ნატო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც უცერემონიოდ უჭერენ მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, გააგრძელონ მისი თანამედროვე, მათ შორის თავდასხმითი იარაღით, მომარაგება დასავლეთის ქვეყნებში გადასახადის გადამხდელებისთვის სულ უფრო და უფრო დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე. ჩვენს წინააღმდეგ ისედაც გამოცხადებულია უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები, ვუმკლავდებით და ეჭვი არ მეპარება, რომ გავუმკლავდებით. ეს დასკვნა ასევე ეფუძნება შეფასებას, დამოუკიდებელი, მათ შორის მრავალი დასავლელი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ანალიზს. ჩვენი სავაჭრო კონტრაგენტები ისმენენ იმას, რაც ითქვა, მაგრამ ახლა მათ ძნელად თუ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების პროგნოზირება. მათ აქვთ საერთაშორისო ვალდებულებები და ვიცნობ რა ჩვენს პარტნიორებს, ვერ ვხვდები, როგორ შეუძლიათ უარი თქვან დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, როგორც ორმხრივი არხებით, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში მიღწეული შეთანხმებების შესრულების პოლიტიკაზე” – განაცხადა ლავროვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე