ტელეკომპანია “მთავარი არხის” განცხადებით, არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი “გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას” და ეტაპობრივად ხურავს არხს.
“მთავარი არხი” უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია – ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც – ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.
ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან “მთავარი არხის” გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც”, – ვკითხულობთ არხის განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურვის გამო. არხის მენეჯმენტის თქმით, კონტრაქტების განახლების საშუალებას დირექტორი გოგი ქურდაძე, ზაზა ოქუაშვილის მითითებით არ იძლევა.
განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ “მთავარ არხს” შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს:
“ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება “ქართული ოცნების” მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”, – წერია განცხადებაში.