კვირა, აგვისტო 30, 2026
Home მსოფლიო უკრაინა ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენც დავმარცხდებით – ალექსანდერ სტუბი

უკრაინა ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენც დავმარცხდებით – ალექსანდერ სტუბი

by admin

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა „ამ ომის განმავლობაში ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით უფრო ძლიერ და უკეთეს მდგომარეობაშია“ და ის „რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა“.

ამის შესახებ სტუბმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„დღეს უკრაინა ამ ომის განმავლობაში ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით უფრო ძლიერ და უკეთეს მდგომარეობაშია – სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით, უკრაინას უპირატესობა აქვს და ის ამ ომს მოიგებს“, – განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტის აზრით, „თუ გადარჩები, შეინარჩუნებ დამოუკიდებლობას და დარჩები სუვერენულ სახელმწიფოდ – სწორედ ეს არის გამარჯვება“.

სტუბის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ასევე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ინვესტიციას წარმოადგენს.

„ ჩვენ, როგორც გერმანიაში, ისე ფინეთში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინა რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენც დავმარცხდებით“, – აღნიშნა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე ეჭვი გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაში.

„ამ ზაფხულს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მეწვია და მე ეს საკითხი დავაყენე. მან კი მითხრა: „ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“. და ვფიქრობ, ეს შეკავების საკმაოდ ეფექტური ფაქტორია“, – განაცხადა სტუბმა.

ცნობისათვის, მანამდე სტუბმა დაასახელა სამი მიმართულება, რომელმაც შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება დააჩქაროს.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ არ ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში საჯარო მონაწილე იყოს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს.

მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მზად იყოს „ყველაზე უარესი“ სცენარისთვის, რომელიც ზამთარში შექმნილ ვითარებას უკავშირდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay