დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება, აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები, ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე, შეიძლება ასე ითქვას, იწყება ზუგდიდში. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და არა მხოლოდ ბედნიერება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სწორი იმიტომ, რომ ზუგდიდი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ის ადგილი არის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე – ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.
რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან.
გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და არის ასევე, ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, არის თუ არა დედა – გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედაზე – რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნებით ირინა ენუქიძე. ასეთი სისაზიზღრე არ გამიგია არცერთი ქალისგან, არცერთი დედისგან. ეს არის ბოროტება რაც მოჰყვება რუსეთის ბოროტებას. აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა”
