გრენლანდიის პრემიერმინისტრმა მუტე ეგედემ 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი მზადაა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სალაპარაკოდ, რომელმაც ბოლო დღეებში კვლავ გამოთქვა აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესყიდვის სურვილი. კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგედემ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა იგი ტრამპს, მან უპასუხა, რომ “არა, მაგრამ სალაპარაკოდ მზად ვართ”.
გრენლანდია ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და მას არ სურს იყოს არც ამერიკული და არც დანიური“. ამის შესახებ განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა მიუტე ეგედემ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – თქვა ეგედემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, გრენლანდიაზე შესაძლო კონტროლის დაწესების თაობაზე.
ეგედემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ღია არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ გრენლანდიის ბედს ადგილობრივები გადაწყვეტენ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ ლეგიტიმური და გასაგები უწოდა, მაგრამ აშშ-ის ინტერესი დადებითად შეაფასა. ამასთანავე, დანიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა გრენლანდია შეენარჩუნებინა სამეფოს შემადგენლობაში.
ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ დანია მზად არის ითანამშრომლოს აშშ-სთან რესურსების განვითარებისთვის.
ჩინეთის მცდელობა, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა გრენლანდიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, აშშ-მა და დანიამ დაბლოკეს.
გრენლანდიას, რომელიც ფლობს ავტონომიას ყველა საკითხში, გარდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა, დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, მაგრამ ექმნება ეკონომიკური პრობლემები. კუნძული თამაშობს საკვანძო როლს არქტიკაში მისი რესურსების, აშშ-ის სამხედრო ბაზისა და საზღვაო გზების წყალობით, აღნიშნავს Financial Times-ი.