არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, არამედ მშვიდობის საფუძველია.
მისი თქმით, სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი.
,,ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული კავკასიის რეგიონი, დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. და როდესაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ, სტაბილურობაც მყარდება.
საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ. ჩვენ გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას და ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას. რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას. ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს.
მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია.
და სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ.
უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს. ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება.
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი.
თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებს – ჩვენ გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ და სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ