უკრაინა მზად არის, დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ფრონტის ხაზს არსებულ მდგომარეობაში გაყინავს და ქვეყნის ტერიტორიის სულ მცირე 75%-ზე კონტროლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა კიევი სამშვიდობო შეთანხმებას იმ პირობით, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიის 75%-ს ან მეტს შეინარჩუნებდა.
„დიახ, თუ ახლა მოგვიწევს არსებული მდგომარეობის გაყინვა. მიმაჩნია, რომ ეს ომის დასრულების რეალური გზაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მიმდინარე წელს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია და, მისი შეფასებით, მოსკოვი კიევზე ზეწოლას ახორციელებს, რათა უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნოს.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიპლომატიური გზით ომის დასრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მისი აზრით, პროცესში ევროპის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.
„ეს უსამართლობაა. ისინი, რა თქმა უნდა, მასშტაბურ იერიშებს ახორციელებენ ირანული დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა შეიარაღების გამოყენებით, რათა ჩემს ქვეყანაში ქაოსი დათესონ, მაგრამ ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ. ხალხი, რა თქმა უნდა, დაიღალა. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი. მაგრამ, იცით, არავის შეუძლია უბრალოდ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი ხდება. ეს ხომ ჩვენი შვილებია. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დავრჩეთ იქ, სადაც ახლა ვართ. გადავიდეთ დიპლომატიაზე. როგორც მე მესმის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ წამოყენებული იდეა შესანიშნავია“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.