უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოსლოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან “სხვადასხვა დელიკატურ საკითხი” განიხილა, მათ შორის, ომის დასრულების შემდგომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მანვე დაამატა, რომ ამერიკული მხარე “მტკიცე” გარანტიებს დაპირდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
შეხვედრაში ნორვეგიის პრემიერი იონას გარ სტიორეც და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც მონაწილეობდნენ – ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ავადმყოფობის გამო მას დისტანციურად დაესწრო.
ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკულ მხარესთან უსაფრთხოების სხვადასხვაგვარ გარანტიებს განიხილავენ, რომლებიც დოკუმენტში არის აღბეჭდილი და რომლებსაც უიტკოფი რუსეთს გაუზიარეს. მისივე თქმით, ამერიკელებმა ხაზი გაუსვეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები “მტკიცე იქნება”.
“ამერიკულ მხარეს მადლობას ვუხდი, რომ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ისინი [რედ. – უსაფრთხოების გარანტიები] მტკიცე იქნება, დიახ. რამდენიმე განსხვავებული წინადადება გვაქვს. ვილაპარაკეთ NATO-სა და მე-5 მუხლზე, ასევე მე-5 მუხლის მსგავს [ვარიანტზეც]. სხვადასხვაგვარი უსაფრთხოების გარანტიები არსებობს, რომლებიც ფურცელზეა, დოკუმენტშია და რომლებსაც სტივი რუსებს გაუზიარებს, ერთი დღის შემდგომ კი მის უკუკავშირს გავიგებთ”. – თქვა ზელენსკიმ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გვჭირდება. ომის დასრულების შემდეგ მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება”. – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ხელახლა განაცხადა, რომ ნებისმიერი დისკუსია უკრაინის ტერიტორიასთან დაკავშირებით “მაღალ დონეზე” უნდა შედგეს.
პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თქვა, რომ ოსლოს შეხვედრაზე პროგრესს “დიდ სურათსა” და “მოკლე ვადაშიც” მიაღწიეს. მისივე თქმით, “სრულად ესმით, რომ საჯარო სივრცეში ბევრი ხმაური იყო, თუმცა ტექნიკურ დონეზე” ფიქრობენ, “რომ მოლაპარაკებები სინამდვილეში საკმაოდ კარგად ვითარდება” და “ერთ ფურცელზე არიან”.
“დიდ სურათში მშვიდობის გარკვეული ელემენტები ვიპოვეთ, რომლებსაც ხვალ სანქტ-პეტერბურგში წარადგენენ. ასევე განვიხილეთ და ვიპოვეთ საკვანძო ელემენტები უსაფრთხოებაში. განვიხილეთ და ვიპოვეთ საკვანძო ელემენტები ეკონომიკაშიც. ყველა ამ წინადადებაზე ამერიკელებმა, უკრაინელებმა და მთავარმა ევროპელმა მოთამაშეებმა ძალიან ბევრი იშრომეს. თუმცა, მოკლე ვადაში ასევე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული ობიექტები და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა, მათ შორის, ენერგეტიკისა და საკვების უსაფრთხოების სფეროში”. – თქვა სტუბმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღადგინა და ამისთვის ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მანვე განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შესაძლოა ორ დღის შემდგომ, “48 საათში”, ხელახლა ილაპარაკოს