ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home საზოგადოება გაერთიანებული სამეფო რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბის, “ჩელსის” გაყიდვით მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტის უკრაინის დახმარების ფონდში გადასარიცხად 3 თვეს აძლევს

გაერთიანებული სამეფო რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბის, “ჩელსის” გაყიდვით მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტის უკრაინის დახმარების ფონდში გადასარიცხად 3 თვეს აძლევს

by admin

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბის, Chelsea FC-ს გაყიდვით მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტის უკრაინის დახმარების ფონდში გადასარიცხად 90-დღიანი ვადა მისცა.

პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ აბრამოვიჩი მომდევნო 3 თვის მანძილზე თანხას ფონდში არ გადარიცხავს, მთავრობა მას სასამართლოში უჩივლებს.

“რომან აბრამოვიჩისთვის დრო იწურება, რომ პატივი სცეს იმ ვალდებულებებს, რაც Chelsea FC-ს გაყიდვის დროს აიღო და 2.5 მილიარდი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გდარიცხოს. მთავრობა მზად არის, ამის გაკეთება სასამართლოს მეშვეობით აიძულოს” – თქვა სტარმერმა.

ცნობისთვის, აბრამოვიჩმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებსა და რიგ ბიზნესმენებს, მათ შორის აბრამოვიჩს, სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა.

აბრამოვიჩმა ამის წინააღმდეგ ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბრიუსელის სასამართლომ ოლიგარქის სარჩელი უარყო და მას კომპენსაციის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

“საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს და, შესაბამისად, ინარჩუნებს მის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს”. – წერია სასამართლოს დასკვნაში.

სასამართლომ ყურადღება რუსულ ფოლადის კომპანია Евраз-ში აბრამოვიჩის როლზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ფოლადი რუსეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

“სინამდვილეში, [ევროკავშირის] საბჭოს არ უყოყმანია თავის შეფასებაში, როცა გადაწყვიტა, სადავო სიაში ბატონი აბრამოვიჩის სახელი შეეყვანა და შეენარჩუნებინა, Евраз-ის ჯგუფში, კერძოდ მის მშობელ კომპანიაში, აბრამოვიჩის შესრულებული როლის ფონზე”. – წერია დასკვნაში სანქცირებული პირების სიასთან დაკავშირებით.

აბრამოვიჩის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ის დადგენილებით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, სასამართლომ ევროკავშირის საბჭოს ზოგი არგუმენტი არ გაითვალისწინა, რომლებიც აბრამოვიჩის მტკიცებით, ყალბია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay