ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home საზოგადოება შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა

შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა

by admin

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა – როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ბრიფინგზე, ბრალდებულთაგან 49 პირი დაკავებულია, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს.

დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 კანონიერი ქურდია – მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა.

დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

შსს-ს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ, ე.წ. კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომელშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ.

ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ – ერთ-ერთ მოდავე მხარეს, მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში, გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს უკავშირდებოდნენ.

გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, სეკუნდა და ტერცია და კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay