საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
“აშშ დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამიტომ შეშფოთებული ვარ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს ზღუდავს.
სულ ახლახან საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების არაერთი ფაქტი.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიხედვით, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და არჩევნების სანდოობის აღდგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა