აშშ-ის ნატოში ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, ვაშინგტონი PURL-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს შეესაბამება იმას, რაც ამ დროისთვის ჩემთვის ცნობილია. კერძოდ, შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიყიდვას ევროპელი და კანადელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც შემდეგ მათ უკრაინას გადასცემენ. ამ პროგრამაში რაიმე ცვლილების შესახებ არაფერი ვიცი“, – განაცხადა უიტაკერმა.
ამასთან, ელჩმა აღიარა, რომ PURL-ის პროგრამის ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ამჟამად შეფერხებულია. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეხება.
„საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე მოთხოვნა დიდია, მათი ხელმისაწვდომობა კი, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლებია, ვიდრე გვსურს“, – განმარტა უიტაკერმა.
უიტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ დრო კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა ზამთრისთვის ემზადება.
„ზამთარი ახლოვდება და, თუ ენერგეტიკული მორატორიუმი არ იქნება, ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა [იკრაინაში] შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ვაშინგტონი საჰაერო თავდაცვის სისტემების მქონე მოკავშირეებთან თანამშრომლობს, რათა ეს შეიარაღება უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.
„ამ საკითხზე ყოველდღიურ მუშაობას გავაგრძელებთ, შევეცდებით მოვიძიოთ არსებული მარაგები, შემდეგ კი წარმოებას ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გავზრდით“, – დასძინა უიტაკერმა.
მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას PURL-ის მექანიზმით იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, თუ კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეწყვეტდა.
ამის შემდეგ ნატო-ში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება გრძელდება.
PURL (Prioritised Ukraine Requirements List) არის ნატო-სა და აშშ-ის ერთობლივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების შეიარაღების შესყიდვას