ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home პოლიტიკა კობახიძე – გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

კობახიძე – გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

by admin

“გამოწვევები რჩება, თუმცა არსებული ტემპებით, ვფიქრობთ, რომ საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე შეძლებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს.

წელს პირველად გადავაჭარბებთ 100 მლრდ ლარს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, რაც ერთგვარი სიმბოლური, საინტერესო ნიშნულია ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი. 2022-2024 წლებში 185 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადაცდა 2 200 ლარს, როდესაც, დაახლოებით, ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის.

წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა – 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay