ჩვენ, ევროკავშირის ლიდერები, მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებისა და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს. ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები. ევროკავშირი, აშშ-სთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინაციით, გააგრძელებს უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას, რადგან უკრაინა ახორციელებს თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას. ის ასევე გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაცვას და დაწესებას.
ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, შემდგომი წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების გარანტიებში მათი შესაბამისი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გარკვეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა