აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აქებს.
ალიევმა ტრამპის მიმართ კომპლიმენტის შემცველი განცხადებები შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გააკეთა, ორი დღის შემდეგ კი ტრამპმა მოჭრილი ვიდეო თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
ალიევი ვიდეოში ამბობს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას არ მოელოდა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის გამარჯვება ერჩივნა. ალიევმა ასევე დაამატა, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია: “მისი პრეზიდენტობისას ხედავ, რომ მას ომების დამთავრება სურს,” განმარტა მან.
“მადლობელი ვართ პირადად მისდამი, მისი პირადი მისწრაფებისთვის, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს მიუხედავად იმისა, რომ ის დაკავებულია გლობალური უსაფრთხოების საკითხებით. მისთვის სამხრეთ კავკასია დღის წესრიგში რჩება” – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
20 ივლისს ალიევმა ტრამპს მადლობაც გადაუხადა ვიდეოს გაზიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ახალ დონეს მიაღწევს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.
“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენს მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ხედვისა და ძალისხმევის მიმართ, რათა მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას.” – დაწერა მან X-ზე.
ალიევმა ამავე მედიაფორუმზე ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ბაქო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადება