პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციის კანდიდატმა, ევროსკეპტიკოსმა კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ.
პოლონური მედია საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქმების თითქმის 100%-ის შეჯამება აჩვენებს, რომ კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორ კაროლ ნავროცკის ხმების 50,89% აქვს, ხოლო მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის – 49,11%.
უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები (ცდომილება 2%) მცირე უპირატესობით ტშასკოვსკის გამარჯვებაზე მიუთითებდა, თუმცა გვიან ღამით გამოქვეყნებულმა, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგმა საპირისპირო სურათი აჩვენა – ნავროცკი 51% და ტშასკოვსკი 49%.