2025 წლის 20 თებერვალს აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთიდან იყო ორგანიზებული.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ მილი მეჯლისის გარე ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა, “აზერბაიჯანულ მედია-რესურსებზე კიბერშეტევების” თემაზე საჯარო დისკუსიების დროს განაცხადა. თავდასხმა მაღალ ტექნიკურ დონეზე განახორციელა კიბერჯაშუშურმა ჯგუფმა APT29 (“Cozy Bear”, ცნობილი როგორც “Midnight Blizzard” და “The Dukes”). რომელიც რუსულ სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. ჯგუფი სპეციალიზებულია მაღალი დონის კიბეროპერაციებში, მათ შორის სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური მისიების, ენერგეტიკის სექტორის, თავდაცვისა და მედიის წინააღმდეგ.
“ეს სინანულს იწვევს, ეს ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებებს, ასევე ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას. მოტივი იყო 3 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრის “რუსული სახლის” ლიკვიდაცია, რომელიც არ იყო რეგისტრირებული იურიდიულ პირად და უხეშად არღვევდა კანონის მოთხოვნებს, ასევე საუბარი იყო “Russia Today”ის (Sputnik) წარმომადგენლობის აზერბაიჯანში შესაძლო ლიკვიდაციაზე. სწორედ ეს პროცესები გახდა პოლიტიკური ქვეტექსტით ამ კიბერჩარევის მიზეზი”