Starlink-ის რუსულ ანალოგზე საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკს “გენიალური ადამიანი” უწოდა.
“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური. რამდენი მსგავსი აპარატი აქვს ორბიტაზე? 5 000-ზე მეტი. ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. თუმცა ჩვენ გვეამაყება, რომ ამის გაკეთება დავიწყეთ და ამას დამოუკიდებლად ვაკეთებთ.” – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთს “ახლო კონტაქტი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან” და მათ შორის მასკთან. პუტინის თქმით, ისევე, როგორც ორბიტებზე, მნიშვნელოვანია “ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ”, დაიცვა დისციპლინა და წესრიგი.
“ჩვენ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამით ვამაყობთ, ვამაყობთ ერთად და ცალ-ცალკე იმით, რომ, ყველა პოლიტიკური ხასიათის საკითხის მიუხედავად, ნაყოფიერად ვმუშაობთ.” – თქვა პუტინმა.
ბოლო პერიოდში რუსეთი აქტიურად, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს შექმნას Starlink-ის მსგავსი სისტემა, რომელიც მათ სამხედრო ძალებს ახალი თაობის კომუნიკაციებით უზრუნველყოფს. Starlink-ის საბრძოლო ვერსია Starshield-ს ეფექტურად იყენებენ უკრაინელი სამხედროები. ეს სისტემა ძირითადად საშუალო მანძილის იერიშებისთვის გამოიყენება. Starlink-ის დახმარებით უკრაინულ დრონებს იერიშები მიჰქონდათ რუსეთის ლოგისტიკურ ხაზებზე. ამ სისტემას იყენებენ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლადაც.
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობის მორიგი გაუარესების ფონზე 14 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის არმიას Starlink-ზე წვდომა შეეზღუდა. როგორც The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, ამის გადაწყვეტილება ილონ მასკმა ტრამპმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მომავალში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინელებს სტარლინკზე წვდომა აღუდგინეს. შეზღუდვას მოჰყვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მასკის გაკრიტიკება. ამ საკომუნიკაციო სერვისის უკრაინის მიერ გამოყენებას სწორედ ვარშავა აფინანსებს.
შემდეგში მასკმა დაწერა, რომ უკრაინამ დაარღვია სტარლინკის მომსახურების პირობები და ის “შეტევითი დარტყმებით ადამიანების დასახოცად გამოიყენეს”. მისი თქმით, ეს “ხარვეზი” აღმოიფხვრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სამხედროებს სტარლინკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშებისთვის არ შეეძლოთ, რადგან ეს საკომუნიკაციო სისტემა რუსეთს აღარ ფარავს