ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა მსურს, ევროკავშირის წევრები გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა, რაც შეეხება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ეს მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული – ალექსანდერ სტუბი

მსურს, ევროკავშირის წევრები გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა, რაც შეეხება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ეს მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული – ალექსანდერ სტუბი

by admin

ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის შეფასებით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი დაახლოებით 40 წევრ ქვეყანას უნდა აერთიანებდეს. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება გაერთიანების საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ამის შესახებ სტუბმა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„პირადად მე მსურს, ევროკავშირის წევრები გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა. ბუნებრივია, მსურს, ევროკავშირში ვიხილო ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფოც. კანადა კი, სულ მცირე, ასოცირებული წევრი გახდეს“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, ეს მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული,

სტუბის შეფასებით, ევროკავშირი მომდევნო 30 წლის განმავლობაში უნდა გაფართოვდეს და გაღრმავდეს. მან აღნიშნა, რომ მისი წარმოდგენით, გაერთიანების წევრთა რაოდენობა დაახლოებით 40-მდე გაიზრდება, თუმცა წევრობის პირობები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი არ იქნება.

ფინეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოებას გაერთიანების უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა უწოდა და აღნიშნა, რომ მომავალში ევროკავშირის განვითარებაზე გავლენას მოახდენს როგორც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ისე კრიზისები.

სტუბის განცხადებით, ნატო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და უდიდეს სამხედრო ალიანსად დარჩება. მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი თავდაცვითია და არა ექსპანსიური.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის მთავარი ამოცანაა ისეთი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც რუსეთს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობას აღარ მისცემს. ამისთვის, მისი შეფასებით, ნდობის აღდგენისა და განმტკიცების ღონისძიებებია საჭირო.

„დიახ, ვიცი, ეს მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ უსაფრთხოება სწორედ ასეთი უნდა იყოს – იმდენად მოსაწყენი, რომ ყველა თავს საკმარისად დაცულად გრძნობდეს და მეზობელზე თავდასხმის საჭიროებას ვერ ხედავდეს“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებებმა გაამართლა, თუმცა ეუთო საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინაში რუსეთის აგრესია თავიდან აეცილებინა.

„მიუხედავად ამისა, აუცილებელია, ვეცადოთ, ვითარება სწორ კალაპოტში დავაბრუნოთ. ნდობის ჩამოყალიბებას დრო და მოთმინება სჭირდება“, — აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay