გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია “2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტის” საფუძველზე და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაკისრებას.
აღნიშნული სანქციები გულისხმობს ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ სერიოზულ კორუფციაში.
2025 წლის 2 აპრილს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) განაახლა დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სია GOV.UK-ზე. აღნიშნულ სიაში ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეები, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძეც მოხვდნენ.
დოკუმენტის მიხედვით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ ჩინჩალაძე “2021 წლის გლობალური ანტიკორუფციული სანქციების შესახებ რეგულაციის” ფარგლებში შემდეგი მიზეზების გამო ექცევა:
“თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მან [მიხეილ ჩინჩალაძემ] მიიღო ფინანსური სარგებელი, როგორც ჯილდო საკუთარი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის. კერძოდ, მან არამართლზომიერად გამოიყენა თავისი გავლენა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოსამართლეების დანიშვნები მმართველი პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ წარმართულიყო.
მან მიიღო უპირატესობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო დანიშვნის სახით, რაც მიზნად ისახავდა მისი საჯარო ფუნქციების გაგრძელებას ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კვლავ ქართული ოცნების სასარგებლოდ მიღებულიყო”. – ნათქვამია დოკუმენტში.
ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში მან ასევე მიიღო ფინანსური სარგებელი, როგორც ჯილდო საკუთარი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის, რისთვისაც “გლობალური ანტიკორუფციული სანქციების რეგულაციის 2021-ის” ფარგლებში მოხვდა.
“კერძოდ, მან არამართლზომიერად გამოიყენა თავისი გავლენა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოსამართლეების დანიშვნები მმართველი პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ წარმართულიყო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში მან მიიღო უპირატესობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო დანიშვნის სახით, რაც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის მართვას ისე, რომ მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლოს გადაწყვეტილებები მმართველი პარტია ქართულიოცნების ინტერესებს მომსახურებოდა”. – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტი მოუწოდებს თავი შეიკავონ იმ სახსრებთან ან ეკონომიკურ რესურსებთან ურთიერთობისგან, რომლებიც სიაში მყოფ პირებს ეკუთვნით, თუ არ არსებობს ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისის (OFSI) ნებართვა ან სხვა სახის გამონაკლისი.
“გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების შეუსრულებლობა ან მისი დადგენილების გვერდის ავლის მცდელობა შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული”. – წერია დოკუმენტში