აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების პირობების გადახედვა სურს და გარიგებიდან გასვლას ცდილობს.
ტრამპის თქმით, თუ ზელენსკი ამას გააკეთებს „დიდი პრობლემები“ ექნება. დონალდ ტრამპმა ეს 30 მარტს ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
ტრამპის განცხადებითვე, ზელენსკის ნატოს წევრობა სურს, მაგრამ ვერასდროს გახდება და ეს ესმის.
გასულ კვირაში დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც თვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
30 მარტს Bloomberg-ი წერდა, რომ უკრაინა აშშ-ს შესთავაზებს ახალ პროექტში ცვლილებებს, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების გაზრდის პირობას.