ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება ან დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.
30 მარტს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე სტუბმა აღნიშნა, რომ ფინეთს 20 აპრილი მიაჩნია შესაფერის თარიღად, როცა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს.
“რატომ 20 აპრილი? რადგან ვადის დაწესება გვესაჭიროება. რადგან ეს აღდგომაა. და იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპის თანამდებობაზე ყოფნიდან 3 თვე იქნება გასული”. – განმარტა ფინეთის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე ან დაარღვევს მას, სანქციების კუთხით ძლიერი მექანიზმის არსებობა იქნება საჭირო.
“ასევე ჩვენ ეს განვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპთან და სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც სანქციების პაკეტის შემოქმედია. ის [გრემი] მალე ამას აშშ-ში ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს”. – თქვა სტუბმა.
ფლორიდაში ტრამპსა და სტუბს შორის შეხვედრას ლინდსი გრემიც ესწრებოდა. ლიდერები ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გოლფის სათამაშოდ და სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეხვდნენ.