აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულებას ხელი მოაწერა.
“ბევრი ადამიანი ამას წლები, ათწლეულები ელოდა და ყველაფერი გამოაშკარავდება” – აღნიშნა ტრამპმა.
განკარგულება ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორს და გენერალურ პროკურორს, 15 დღის ვადაში შეათანხმონ მოქმედებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ასისტენტთან და ტრამპის იურიდიულ მრჩეველთან, რათა წარუდგინონ პრეზიდენტს “ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერების სრული და სრულყოფილი გაშუქების გეგმა”.
ამავე განკარგულებით, 45 დღის ვადაში, იგივე პირებს ევალებათ რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული ჩანაწერების გადახედვა და ტრამპისთვის მათი “სრული და სრულყოფილი გაშუქების გეგმის” წარდგენა.
“პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედისა და პასტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ფედერალურ მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული. მათი ოჯახები და ამერიკელი ხალხი იმსახურებენ გამჭვირვალობას და სიმართლეს. ქვეყნის ინტერესებშია, რომ საბოლოოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, გამოქვეყნდეს ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მკვლელობებს ეხება” – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში