უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუ შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ერთობლივი წინსვლის საკითხები.
„დღეს მაია სანდუსთან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დავუთმეთ: უსაფრთხოებას, ჩვენს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, დაცვას, განვითარებას, ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკას. ასევე დეტალურად ვისაუბრეთ ევროკავშირში ჩვენს – პარტნიორულ და ერთობლივ წინსვლაზე. ორივე ჩვენი სახელმწიფო იმსახურებს, იყოს ძლიერი და ერთიანი ევროპის ნაწილი“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა მოლდოვის უფლებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, და ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ სწრაფად გაიხსნას მოლაპარაკების ყველა კლასტერი და ევროკავშირში გაწევრიანება გახდეს ჩვენი საერთო წარმატება – უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირის“, — აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ქვეყნები მზად არიან გააღრმავონ სამმხრივი თანამშრომლობა რუმინეთთან ერთად, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებაში.
„რაც უფრო მეტი რეალური კავშირი იქნება ჩვენს ენერგოსისტემებს შორის, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და მოლდოვას შორის სამთავრობო თანამშრომლობის საკითხი. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი ეკონომიკური საკითხები მაქსიმალურად სწრაფად და საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდეს