ჩვენ, “დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული.
“მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება.
მოვუწოდებთ ირანს და მის მარიონეტებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამ საფრთხეების ფონზე. “დიდი შვიდეულის“ ლიდერები მხარეებს მოვუწოდებთ, დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე მიდის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ გვერდიგვერდ მშვიდობით, ღირსებითა და უსაფრთხოებით”, – აღნიშნულია განცხადებაში