შანდუნის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან, სანქცირებულ ტანკერებს შანდუნის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. შანდუნი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრია.
Reuters-ის ინფორმაციით ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ქინგდაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება რიჟაოსა და იანტაის პორტებში.
ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს.
6 იანვარს დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.