100 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, თავის სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი. ამ ცნობას 29 დეკემბერს სოციალური მედიით ავრცელებს კარტერის ფონდი. კარტერი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას 1977-1981 წლებში იკავებდა. კარტერი, კიბოს დიაგნოზის გამო, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 2023 წლის თებერვლიდან მოყოლებული იყო. იმავე წლის ნოემბერში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა კარტერის მეუღლე, როზალინ კარტერი, რომელთანაც ქორწინებაში იგი 77 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა
ჯეიმს ერლ კარტერ ჯუნიორი 1924 წლის 1-ელ ოქტომბერს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ფლეინსში დაიბადა. მისი მამა ჯეიმს ერლ კარტერი სენიორი, მიწისთხილის ფერმერი და ბიზნესმენი, ხოლო დედა – რეგისტრირებული მედდა, ლილიან გორდი კარტერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯიმი კარტერი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც სამშობიაროში დაიბადა, იგი ფერმის სახლში გაიზარდა, რომელსაც ელექტრობა და წყალგაყვანილობა არ ჰქონდა.
კარტერმა 1946 წელს მერილენდში ანაპოლისის საზღვაო აკადემია დაამთავრა, რომლის შემდეგაც 7 წელი ოფიცრის პოზიციაზე მსახურობდა – იგი წყალქვეშა სამუშაოებს მოხალისეობრივად ასრულებდა. 1953 წელს იგი ფერმაში დაბრუნდა და მამის საქმიანობა გააგრძელა. კარტერის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯორჯიის შტატის სენატორად აირჩიეს. მოგვიანებით კარტერმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პოზიციაზე კენჭი იყარა და გაიმარჯვა. გუბერნატორის ოფისი მან 1970 წელს დაიკავა.
გუბერნატორობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 1974 წელს კარტერმა გამოაცხადა, რომ 1977 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგებოდა. 1977 წელს აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა კარტერმა არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, ჯერალდ ფორდს 56 ელექტორალური ხმით მოუგო. კარტერის ადმინისტრაციის მიღწევებს შორისაა Camp David Accords, რომლის დროსაც კარტერმა ისრაელის იმდროინდელ პრემიერმინისტრ მენაქემ ბეგინსა და ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადატს შორის შუამავლის როლი შეასრულა, რაც საბოლოოდ ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. კარტერმა ასევე შექმნა განათლებისა და ენერგიის დეპარტამენტები.
თუმცა, არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკისა და ირანის მძევლების კრიზისის არანაყოფიერი მენეჯმენტის გამო (1979-81 წლებში, 444 დღის განმავლობაში ირანში აშშ-ს 54 მოქალაქე და დიპლომატი მძევლებად ჰყავდათ აყვანილი), 1981 წელს ჯიმი კარტერმა არჩევნები აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან, რონალდ რეიგანთან მნიშვნელოვანი სხვაობით, 49 ელექტორალური ხმა 489-ის წინააღმდეგ წააგო.
1982 წელს, პრეზიდენტის ოფისის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ, ჯიმი და როზალინ კარტერებმა Emory უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, Carter Center დააარსეს, რომლის მისიაც გლობალურად ადამიანთა უფლებების მხარდაჭერა და “ადამიანთა ტანჯვის შემცირება” იყო.
Carter Center-ის მრავალ მიღწევას შორისაა კოალიციური პროექტი ქვეყნებს შორის, რამაც გინეის ჭიის დაავადების (Guinea-worm disease) შემთხვევები აფრიკის კონტინენტზე 99.99%-ით შეამცირა.
2002 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წაგებიდან 30 წლის შემდეგ, კარტერი აშშ-ს მესამე პრეზიდენტი გახდა, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ნობელის კომიტეტის განცხადების მიხედვით, კარტერს პრემია “ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტაში, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების გაძლიერებაში და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაში ჩადებული დაუღალავი ძალისხმევის” გამო გადაეცა.
ცნობისთვის, ჯიმი კარტერი აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტია, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა