უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ კამენსკ-შახტინსკში, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოს, „კომბინატ კამენსკის“, „ნეპტუნის“ რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. დაზიანებულია საწარმოს ოთხი საწარმოო საამქრო.
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები და სარაკეტო ჯარები, მათ შორის უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო კომპლექსები „ნეპტუნი“.
დადასტურებულია მზა პროდუქციის საწყობში ხანძარი და საამქროების დაზიანება.
„კომბინატ კამენსკი“ რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების -„ურაგანის“, „სმერჩისა“ და „ტორნადოს“ საბრძოლო მასალებისთვის მყარ სარაკეტო საწვავს აწარმოებს. საწარმო ასევე ამარაგებს სხვა სარაკეტო სისტემებსა და საავიაციო შეიარაღებას.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოთხ საწყობსაც დაარტყეს, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის ოლქში მდებარეობს.
შეგახსენებთ, უკრაინული დრონებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე