უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შეძენის ნებართვა მიეცა. თუმცა, მისი თქმით, რაკეტების მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილებაა, უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ჩამჭრელი რაკეტების შეძენის ნება დართოს. PAC-3 ტიპის 500 გადამჭერი რაკეტა მნიშვნელოვანი რაოდენობაა და მათი მიღება უკვე მალე, ამ ზამთარს, უკრაინისთვის თავდაცვის ძალიან ეფექტიან პაკეტს შექმნიდა. თუმცა, განსაზღვრულია, რომ მიწოდება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში შეიძლება დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, გამოსავალი იპოვონ და რაკეტების მიწოდება სწორედ მაშინ უზრუნველყონ, როდესაც მათი გამოყენების რეალური საფრთხე და აუცილებლობა არსებობს”, – განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასირებული დარტყმების კამპანია დაიწყო. სამიზნეებს შორისაა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტები, ასევე ხიდები.
მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგოქსელის საკვანძო ობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს.
ზელენსკის განმარტებით, კიევმა ამერიკულ მხარეს ზამთრისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის თხოვნითაც მიმართა, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 ჩამჭრელი რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებდა.
“500 რაკეტა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ცა დაგვეცვა. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერ პოზიციაში იყოს და რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში ცხოვრების განადგურება ვერ შეძლოს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს, ევროპისა და მსოფლიოს სხვა პარტნიორებს საწყობებში PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტების საკმარისი მარაგი აქვთ.
“უკრაინისთვის მათი მიწოდება სწორედ ახლა, 2026–2027 წლების ზამთარში, ხოლო მომდევნო წლებში პარტნიორების არსენალების შევსება იმ წარმოების ხარჯზე, რომლისთვისაც უკრაინასა და პარტნიორებს კონტრაქტები გაფორმებული აქვთ და თანხა გადახდილი – სწორი გზა იქნებოდა და ეს სრულიად რეალურია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ PAC-3 ტიპის რაკეტების საკითხი განიხილა, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეთანხმების დამტკიცებისთვის.
ამასთან, მან პარტნიორებს მოუწოდა, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას უშუალოდ საფრთხის წარმოშობის მომენტში უზრუნველყოფს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის რაკეტების შესაძლო მიყიდვის შეთანხმება