აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა არ სურს, რადგან მიიჩნევს, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების მიღწევა არ უნდა.
ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ტრამპის თქმით, ზელენსკი არ არის ის ადამიანი, ვისთანაც ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს შესაძლოა უკრაინის მოქმედი ლიდერის მონაწილეობის გარეშე მოხდეს.
“მას შეთანხმების მიღწევა არ სურს. ამბობს, რომ შეთანხმება უნდა, მაგრამ ეს ასე არ არის. არა, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომის დაწყების ძირითადი მიზეზი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდი იყო, რომლის დროსაც, მისი მტკიცებით, უკრაინა „აიძულეს, ყირიმი დაეთმო“.
თეთრი სახლის ლიდერმა დროებით ოკუპირებულ ყირიმს „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნახევარკუნძული ყველა მხრიდან ოკეანით არის გარშემორტყმული.
„ყირიმი, უდავოდ, უკრაინის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. ოთხივე მხრიდან ოკეანეა. სწორედ ასეა. ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია. მე უძრავი ქონების დეველოპერი ვარ. ამაში ვერკვევი… ნამდვილად ვიცი, როგორი უნდა იყოს კარგი მიწა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა თავდასხმები უნდა შეწყვიტონ.
„მინდა, ზელენსკიმ შეწყვიტოს და პუტინისგანაც იმავეს ვითხოვ. ახლა, თუ მეუბნებით, რომ ზელენსკი კვლავ უტევს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ამით ის მხოლოდ იმას აღწევს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება. მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 2022 წელს კიევთან რუსეთის ბლიცკრიგის ჩავარდნა ამინდსაც დაუკავშირა. მისი თქმით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ომი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა რუსეთის ტანკების წინსვლას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუშალა.
„მაგრამ მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ეს ძალიან სწრაფი, იცით, ძალიან სწრაფი ომი იქნებოდა. თუ გახსოვთ, ტანკები გზატკეცილით პირდაპირ კიევისკენ მიემართებოდნენ. იმ გენერალს, რომელიც, როგორც ჩანს, არცთუ ისე კარგი გენერალი იყო, რომ არ გადაეხვია მარჯვნივ სასოფლო-სამეურნეო მიწებისკენ, რომლებიც კიევში უძლიერესი წვიმების გამო მთლიანად გაჟღენთილი იყო წყლით… მაშინ მათ [უკრაინელებს] ალბათ… არ ვიცი, შეიძლება ამას იღბალი ვუწოდოთ თუ არა, გულწრფელად რომ გითხრათ“, – თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ზელენსკიმ პუტინს დათმობები უნდა შესთავაზოს, რადგან გამოფიტვის ომში რუსეთს მობილიზაციის გაცილებით დიდი რესურსი აქვს.
„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და რუსეთს შეუძლია მილიონი ადამიანი დაკარგოს, მის უკან კი კიდევ მრავალი მილიონი დგას“, – განაცხადა ტრამპმა