უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომები განიხილა. მისი განცხადებით, უკრაინის საბრძოლო ავიაციის გასაძლიერებლად მიმდინარე თვეში დახმარების ახალი პაკეტები იქნება, ამასთან, დაჩქარდება მუშაობა ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემაზე, FREYJA-ზე, რომლის ამოქმედებაც წლის ბოლომდე იგეგმება.
ზელენსკის ცნობით, ლიდერები ბრიუსელში 15 ოქტომბერს შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსულ ესკალაციაზე საპასუხო ზომების შემუშავებაში უკრაინას ეხმარება.
„ემანუელმა და მე ერთად განვიხილეთ ამ ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა გზა. კერძოდ, ამ თვეში მივიღებთ ახალ პაკეტებს, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ავიაციას გააძლიერებს. ასევე, ვაჩქარებთ მუშაობას ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემაზე – FREYJA წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ერთგული რჩება. მისი თქმით, რუსეთი ფრონტზე შექმნილი ვითარების გამო ესკალაციას აძლიერებს, ამიტომ აუცილებელია უკრაინას ყველა საჭირო საშუალება მიეწოდოს, რათა მან საკუთარი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას.
„დღეს საღამოს პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მაშინ, როდესაც რუსეთი ფრონტზე შექმნილი ჩიხური ვითარების გამო ესკალაციას ირჩევს, აუცილებელია, ერთობლივი ძალისხმევით უკრაინას თავდაცვისთვის ყველა საჭირო საშუალება მივაწოდოთ, რათა მან საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან უკრაინის ლიდერს ასევე დაუდასტურა საფრანგეთის გადაწყვეტილება, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
„საფრანგეთი კვლავ გააგრძელებს საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას“, – აღნიშნა მაკრონმა