შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home მსოფლიო რუსეთის ეკონომიკა ომისა და სანქციების შედეგად ზარალდება, რაც მშვიდობის შესაძლებლობას ქმნის, დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იზიარებს ამ შეფასებას და ჩვენთან ერთად ეძებს გზას ომის დასასრულებლად – ფრიდრიხ მერცი

რუსეთის ეკონომიკა ომისა და სანქციების შედეგად ზარალდება, რაც მშვიდობის შესაძლებლობას ქმნის, დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იზიარებს ამ შეფასებას და ჩვენთან ერთად ეძებს გზას ომის დასასრულებლად – ფრიდრიხ მერცი

by admin

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთო პოზიციას აყალიბებენ.

მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო იქნება, განსაკუთრებით უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებში.

მერცმა აღნიშნა, რომ მას ოპტიმიზმს აძლევს ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც „რუსეთმა ეს ომი უნდა დაასრულოს“, რაც მისი შეფასებით მკაფიო სიგნალია.

კანცლერის თქმით, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა დეტალურად განიხილეს შემდეგი ნაბიჯები და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციები. მისი შეფასებით, ეს აძლიერებს იმედს, რომ ევროპა და აშშ ერთობლივად იმუშავებენ ომის დასასრულებლად.

„ის, რაც ჩვენ ყველას გვაძლევს თავდაჯერებულობის საფუძველს, არის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. და ვფიქრობ, ეს მკაფიო სიგნალია,“ – განაცხადა მერცმა ჟურნალისტებთან ევიანში, G7-ის სამიტის ფარგლებში.

ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა როგორც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, ასევე რუსეთზე ზეწოლის ზრდა, რათა მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.

შეკითხვაზე, მისცა თუ არა ტრამპმა დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და რომ ევროპელები მომავალში ომის დასრულების მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებოდნენ, მერცმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ეჭვქვეშ საერთოდ არ დამდგარა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს ომის სამხედრო გზით მოგებას. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა ომისა და სანქციების შედეგად ზარალდება, რაც „მშვიდობის შესაძლებლობას ქმნის“.

მერცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „თანდათან უფრო იზიარებს ამ შეფასებას და ახლა ჩვენთან ერთად ეძებს გზას ამ ომის დასასრულებლად“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay