ვლადიმერ პუტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს მკაცრად ვაპროტესტებთ, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
სანაე ტაკაიჩი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის საგანია.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კუნძულ იტურუპს ეწვია. მას შემდეგ, რაც 2024 წლის იანვარში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის კუნძულებზე ვიზიტს გეგმავდა, იაპონიის მთავრობამ რუსულ მხარეს არაერთხელ მოუწოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო“, – განაცხადა სანაეი ტაკაიჩიმ.
მისი თქმით, „რუსეთის პრეზიდენტის კუნძულ იტურუპზე ვიზიტი ჩრდილოეთის კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრულ პოზიციასთან შეუთავსებელია“.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გამო, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იაპონია ძალისხმევას არ იშურებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვიზიტმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა და საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხის მნიშვნელობას სერიოზულად მოეკიდება“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა