კვირას ბრიტანეთის სამხედროებმა ლა-მანშის სრუტეში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც სრუტის გავლას ცდილობდა.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
სტარმერის თქმით, მან შეიარაღებულ ძალებს სანქცირებული ტანკერის შეჩერების ბრძანება მისცა. პრემიერის შეფასებით, ოპერაცია რუსეთისთვის კიდევ ერთი დარტყმაა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო.
„ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს ყველას, ვინც უკრაინაში პუტინის ომს აფინანსებს, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ჩვენს სამხედროებსა და სამართალდამცავებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში იცავენ“, — დაწერა სტარმერმა.
მარტში კირ სტარმერი დაეთანხმა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ გააჩერონ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემები, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს კვეთენ.
ბრიტანეთი არაერთხელ მონაწილეობდა საფრანგეთის მიერ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების დაკავების ოპერაციებში. ბოლო ასეთი შემთხვევა 31 მაისს ატლანტის ოკეანეში დაფიქსირდა, როდესაც რუსულ ნავთობტანკერ „ტაგორს“ გზა გადაუკეტეს