შაბათი, აპრილი 25, 2026
Home პოლიტიკა შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი – მაკა ბოჭორიშვილი

შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი – მაკა ბოჭორიშვილი

by admin

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განეხილა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ქვეყნის როლი აღნიშნულ პროცესში.

„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.

წლევანდელი მსჯელობა დიდწილად დაეთმო სწორედ ალტერნატიული გზების განვითარების შესაძლებლობებს, ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, შუა დერეფანი უყურადღებოდ ვერ დარჩება.

არაერთი პანელური დისკუსია მიეძღვნა სწორედ შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, შუა დერეფნის განვითარებას და ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, იყო საუკეთესო შესაძლებლობა, გვესაუბრა, როგორ ვხედავთ შუა დერეფნის განვითარებას, რას აკეთებს საქართველო, რათა წვლილი შეიტანოს ამ დერეფნის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისა და ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე. ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული დისკუსიები კარგი შესაძლებლობა იყო კოლეგებთან კომუნიკაციისთვის.

„მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც დაეთმო ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ, კარგი შესაძლებლობა იყო კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, შეხვედრებისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე ფართო საზოგადოების ყურადღების გამახვილებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დერეფნის განვითარებაში და ეს ფაქტორი განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში.

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay