ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ.
“ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.
ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რეგიონებში შეხვედრებზე და ადამიანებთან უერთიერთობაზე საუბრობს. განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულ სახელსა და გვარებს ან პარტიულ კუთვნილებას არ ახსენებს, თუმცა მისი თქმით, იმისთვის, რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად გიყვართ