ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home მსოფლიო ირანის ომში დახმარების არ გაწევის გამო ტრამპი NATO-ს რიგი ქვეყნების დასჯას განიხილავს

ირანის ომში დახმარების არ გაწევის გამო ტრამპი NATO-ს რიგი ქვეყნების დასჯას განიხილავს

by admin

გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას NATO-ს იმ წევრი სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც, ტრამპის აზრით, ირანის ომის დროს აშშ-სა და ისრაელს არ დაეხმარნენ.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს განუცხადეს, რომ გეგმის ფარგლებში თეთრი სახლი ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში უსარგებლონი იყვნენ, რის შემდეგაც აშშ სამხედროებს იმ ქვეყნებში განალაგებს, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ს სამხედრო კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.

გამოცემის მიხედვით, ეს გეგმა არ გულისხმობს ალიანსიდან აშშ-ს სრულად გამოყვანასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებული მუქარის სისრულეში მოყვანას, რისი გაკეთებაც აშშ-ს პრეზიდენტს კანონის მიხედვით კონგრესის გარეშე არ შეუძლია.

WSJ-ს ცნობით, აღნიშნულმა გეგმამ ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის რიგებში მხარდაჭერა მოიპოვა და ის ერთ-ერთია იმ ვარიანტებს შორის, რასაც თეთრი სახლი NATO-ს დასასჯელად განიხილავს.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ოთხშაბათს ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა. ხოლო შეხვედრის დაწყებამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან NATO-ს დატოვების საკითხს ტრამპი რუტესთან დისკუსიაშიც განიხილავდა.

“სამწუხაროა, რომ NATO-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მაშინ, როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას,” განაცხადა ლივიტმა 8 აპრილს.

აშშ-ს ევროპის მასშტაბით დაახლოებით 84 000 სამხედრო ჰყავს განლაგებული, ხოლო ევროპაში ამერიკული ბაზები აშშ-ს გლობალური სამხედრო ოპერაციებისთვის კრიტიკულ ჰაბს წარმოადგენს.

ბოლო კვირების განმავლობაში, ირანში აშშ-სა და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

ამასთან, WSJ-ს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკმაყოფილონი არიან გერმანიითაც მას შემდეგ, რაც გერმანელმა მაღალჩინოსნებმა ირანის წინააღმდეგ ომი გააკრიტიკეს.

სიცილიაში მდებარე საჰაერო ბაზის გამოყენება აშშ-სთვის დროებით იტალიამაც დაბლოკა, ხოლო საფრანგეთის მთავრობამ აშშ-ს ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, როცა მიიღო გარანტია, რომ ბაზას ირანზე იერიშების მიტანაში ჩართული თვითმფრინავები არ გამოიყენებდნენ.

ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, სამხედრო ძალების გადაწყობის გარდა, NATO-ს დასჯის გეგმა შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ევროპის, სულ მცირე, ერთ ქვეყანაში – სავარაუდოდ, ესპანეთში ან გერმანიაში – ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვასაც.

თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, გეგმის ფარგლებში შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის ისეთმა ქვეყნებმა ისარგებლონ, როგორებიც არიან პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა ან საბერძნეთი. WSJ ხაზს უსვამს, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ რუმინეთი მალევე დათანხმდა აშშ-ს მოთხოვნას ბაზების გამოყენების შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ალიანსის სხვა წევრებთან შედარებით თავდაცვაზე მშპ-ს უფრო დიდ წილს ხარჯავენ.

WSJ-ს ცნობით, ამ გეგმის ფარგლებში აშშ-მ შესაძლოა, სამხედროები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს განალაგოს, რაც რუსეთის ანტაგონიზებას გამოიწვევს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay