აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს უცერემონიოდ ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA) მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში კონგრესმა უკრაინისთვის ახალი დახმარება შეიტანა და მის ადმინისტრაციას ევროპის თავდაცვაში აშშ-ს სამხედრო ჩართულობის შემცირების უნარი შეუზღუდა.
ახლა უკვე ძალაში შესული კანონი მომდევნო წელს ეროვნულ უსაფრთხოებაზე რეკორდული, $901 მილიარდის დახარჯვის ნებართვას გასცემს, რაც თავდაცვის დეპარტამენტისთვის $8 მილიარდით მეტს ითვალისწინებს იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში კონგრესისგან მოითხოვა.
3 000-გვერდიანი დოკუმენტი პენტაგონის პროგრამებზე ავტორიზაციას იძლევა, თუმცა მათ დაფინანსებას არ უზრუნველყოფს. მომდევნო ფისკალური წლისთვის საბიუჯეტო კანონპროექტი კონგრესმა ცალკე უნდა მიიღოს.
ტრამპის ხელმოწერით ძალაში შესული კანონი 2029 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას (USAI), რომელიც 2026 და 2027 წლის ფისკალური წლებისთვის, უკრაინისთვის $400-400 მილიონის გამოყოფის ავტორიზაციას იძლევა.
ამავდროულად, აქტი აშშ-ს თავდაცვის მინისტრს ავალდებულებს, რომ კონგრესს 48 საათის განმავლობაში შეატყობინოს, თუკი უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო დაზვერვის კუთხით დახმარების დაპაუზების, შეჩერების ან მატერიალურად დაქვეითების გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე ყოველ კვარტალში ერთხელ კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელშიც დეტალურად არის ასახული მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინისადმი გაწეული დახმარება, მათ შორის, ორმხრივი სამხედრო კონტრიბუციები და აშშ-ს PURL ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ NDAA ახანგრძლივებს აკრძალვას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით ფინანსების ხელმისაწვდომობაზე.
ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, NATO-ს ქვეყნებში აშშ-ს არმიის ბაზირებასთან და წვრთნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა მოხდეს ივნისში ჰააგის სამიტის დეკლარაციის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისადმი ალიანსის წევრი ქვეყნების პროგრესის გათვალისწინება. საუბარია ტრამპის ძალისხმევით NATO-ში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ ალიანსის სახელმწიფოები 2035 წლისთვის თავდაცვაზე ყოველწლიურად მშპ-ს არანაკლებ 5%-ს დახარჯავენ.
აქტის მეშვეობით კონგრესი ასევე დაფინანსებას ზღუდავს ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც გულისხმობს აშშ-ს ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მუდმივად განლაგებული ან გაგზავნილი ამერიკული ძალების რაოდენობა 76 000-ის ზღვარს ქვემოთ შემცირებას, სამხედრო საკუთრების გაყიდვას ან ევროპაში NATO-ს უმაღლესი სარდლის როლზე უარის თქმას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქტი მთავრობას ავალდებულებს, შეიქმნას ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივა (BSI), რათა გაღრმავდეს უსაფრთხოების კუთხით ბალტიის ქვეყნებთან აშშ-ს თანამშრომლობა, რისი მიზანიც რუსული აგრესიის აღკვეთა და NATO-ს სტრატეგიული კონცეფციის დანერგვაა.
პარალელურად, თავდაცვის კანონპროექტი მოიცავს ვალდებულებას, რომ ტაივანთან ერთად ერთობლივი პროგრამა შეიქმნას, რომლის კონკრეტული მიზანიც უპილოტო სისტემებისა და მათი საწინააღმდეგო სისტემების შესაძლებლობების განვითარება იქნება.
ამასთან, NDAA აშშ-ს ავალდებულებს, შეისწავლოს ყოვლისმომცველი სამხედრო მობილიზაციისა და მდგრადობის მიმართ მზადყოფნა, რათა მოხდეს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში მაღალი ინტენსიურობის მქონე გაუთვალისწინებელი გარემოებისადმი აშშ-ს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება, კონკრეტულად ტაივანის სრუტის შემთხვევაში