ნორმალური პროცესი არ არის, როცა არ არსებობს „ქართული ოცნების“ ჯანსაღი კონკურენტი. ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა:
“როგორ შეიძლება, ერთ აზრზე იყოს მთელი ქვეყანა. განსხვავებულობა აუცილებელია. რატომ არის ჩემი წინამორბედი პარტია ყველაზე მისაღები საქართველოში? თანმიმდევრულია, შექმნის დღიდან ცდილობს, გაძლიერდეს. აბა, პოლიტიკურმა პარტიამ რაზე უნდა იზრუნოს? უნდა იზრუნოს, რომ გაძლიერდეს, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ შეასრულოს დანაპირები, მოხდეს პარტიის გაძლიერება, განახლება. „ქართული ოცნების“ პროცესებში ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მოგვწონს, არ მოგვწონს, მეორეხარისხოვანია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის ალტერნატივა. არ არსებობს ეროვნულ ნიადაგზე წარმოდგენილი, ეროვნული ინტერესების დამცველი, თანმიმდევრული პარტია. ყოველ არჩევნებზე ძალადობას, რევოლუციას აანონსებენ და არა არჩევნებში გამარჯვებას. „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მეც ვთქვი, რომ არ არის ნორმალური პროცესი, როცა არ არსებობს „ქართული ოცნების“ ჯანსაღი კონკურენტი. ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ეს პროცესები უნდა დავასრულოთ. საზოგადოებას მუდმივად ვაცნობდით რეალობას, რეალობას წარმოვაჩენდით, ამას ძალით და რეპრესიულად არ ვაკეთებდით. ჩვენ არავის მიმართ არ გვინდა ძალადობა, არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას. 37 წელს და 30-იან წლებში პირდაპირ შემოქმედებით პროცესში ერეოდნენ, რა უნდა გადაეღოთ, რა უნდა დაედგათ თეატრში და ასე შემდეგ. მსახიობს ან ვინმეს უთხრეს, გინდა თუ არა, ეს ფილმი გადაიღე, ეს სცენა არ დადგაო? ვის შეუშალეს ხელი, ვინმეს შემოქმედებაში შეიჭრნენ? თავისუფლება საქართველოში გარანტირებული არ არის? ბოლო ბოლო მივალთ იქამდე, რომ აუცილებლად შეიქმნება ჯანსაღი ძალა, ასევე ეროვნული ინტერესების დამცველი, ამ ღირებულებით ნაწილში გაერთიანებული, ყველასთვის მისაღები. გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ამ გზაზე ვდგავართ. მჯერა ქართველი ადამიანების შესაძლებლობების. დღევანდელი ხელისუფლების პოზიციონირება იძლევა საშუალებას, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, განვითარდეთ, გავძლიერდეთ. მუდმივი განვითარების პროცესი უნდა დავნერგოთ საქართველოში და მუდმივ განვითარების პროცესში უნდა ვიყოთ ჩართული ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს არის ჩემი ხედვა”