2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7 592 948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% – 6 573 370 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობას ერთად აღებულს (1 019 578 ლარი) – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო [TI] ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მიღებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდიები.
TI-ის შეფასებით, აღნიშნული აჩენს კითხვებს, ქართული ოცნების მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობაზე სისტემურ კორუფციაში – “მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს”.
ორგანიზაციის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ქართული ოცნების შემოწირულებები აჭარიდან, განსაკუთრებით კი ივნისში. პარტიამ 3 თვეში აჭარიდან 2.6 მილიონი მიიღო.
TI-მ ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების ტენდერები შეისწავლა, რომლის მიხედვითად:
შემოწირულებების პარალელურად მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,447 ლარია.
შემომწირველები, როგორც სახელმწიფო სუბსიდიების მსხვილი ბენეფიციარები
- 2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.
- განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს-ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგროსუბსიდიების 13%-ს შეადგენს.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას აგროსუბსიდია არ მიუღია.
შემოწირულებების ანომალიური ზრდა აჭარიდან
- აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა.
ხალხის ძალას ქართულ ოცნების ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ
- პარტიას 190,000 ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში ქართულ ოცნებას წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი