პრინცი ჰარი უკრაინაში მოულოდნელად ჩავიდა და ომში დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. ინფორმაციას CNN პრინცის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰარი ლვოვში მდებარე ორთოპედიულ კლინიკას ეწვია, სადაც ომში დაჭრილი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები მკურნალობას იღებენ და რეაბილიტაციას გადიან. ცენტრი ომის მსხვერპლთათვის უფასო პროთეზებს, რეკონსტრუქციულ ქირურგიულ ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფს.
სასექსის ჰერცოგი, რომელმაც ბრიტანულ არმიაში 10 წლის განმავლობაში იმსახურა, დაშავებული სამხედროებისთვის დახმარების გაწევა საკუთარ ყველაზე თვალსაჩინო საქმედ აქცია. 2014 წელს პრინცმა საერთაშორისო პლატფორმა Invictus Games დააფუძნა, რომელიც დაჭრილ ვეტერანებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს, მსგავსად პარალიმპიური თამაშებისა.
პრინც ჰარის უკრაინაში ვიზიტისას თან ახლდა Invictus Games Foundation-ის კონტინგენტი, მათ შორის, ოთხი ვეტერანი, რომლებმაც რეაბილიტაციის მსგავსი პროცედურები გაიარეს.
ჰარის ვიზიტი დასავლეთ უკრაინის ქალაქში, რომელიც რუსული რაკეტების სამიზნე ხშირად ხდება, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც პრინცმა ქვეყანა დატოვა